ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე ყაზბეგი

მწერალი

ოფიციალური სახელი: ალექსანდრე ჩოფიკაშვილი
სხვა სახელი: მოჩხუბარიძე-ლიტერატურული (ფსევდონიმი)
მოხევე-თეატრალური (ფსევდონიმი)
ყაზბეგი (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: 20 იანვარი, 1848
გარდაცვ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1893 (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სტეფანწმინდა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სტეფანწმინდა, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში “ნამწყემსარის მოგონებანი”, 1883). 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები – “ერთი უბედურთაგანი”, დაიდგა 1880 წელს; “არსენა”, დაიდგა 1882წ., “წამება ქეთევან დედოფლისა”, დაიბეჭდა 1883 წელს და დაიდგა 1889წ., გადმოკეთებული – “დილა ქორწილის შემდეგ”, 1882წ., “ცხოვრების თანამგზავრი”, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა “ციცკა” 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ “დროებასა” და ი. ჭავჭავაძის “ივერიაში”. 1881 წელს “დროებაში” დაიბეჭდა “ელგუჯა”, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები “ელისო”, “მამის მკვლელი” (ორივე 1882), “ციკო” (1883), “განკიცხული”, “ხევისბერი გოჩა” (ორივე 1884), “მოძღვარი” (1885) და სხვა. ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი “სამოციანელების” ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.

Scroll to Top