ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი

დაბადების თარიღი: 4 აგვისტო, 1871
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ბიოგრაფია

თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში – ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.

მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში; აქტიურად მონაწილეობდა “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” დაფუძნებაში(1905); დააარსა გუნდი და ორკესტრი; 1908–1917წწ. სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას; იყო აქტიური წევრი “ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა”, დირიჟორობდა სპექტაკლებს; 1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი(1919, 1923, 1929–1932); მოსკოვში დაიბეჭდა მისი პირველი რომანსები “ახალ აღნაგო სულო”, “ნანა, შვილო”(მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს), აგრეთვე “მრავალჟამიერი”(1908, სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), “ქართული ლიტურგია”(1910); განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას(300-მდე); გამოსცა 2 კრებული – “40 ქართული ხალხური სიმღერა”(1910) და “8 ქართული ხალხური სიმღერა”(დამუშავება, 1910); მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს: 1910 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა “აბესალომ და ეთერზე”(მონუმენტური ოპერა-ტრაგედია), 1913 წელს შესრულდა ნაწყვეტები, 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ოპერის პრემიერა; “აბესალომ და ეთერი” სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ–ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვი(1931), მოსკოვი, სსრკ “ბოლშოი” თეატრი(1939, 1946), ლენინგრადი(1972), კიევი(1972), ქუთაისი(1969), უცხოეთში – ლოძი(1972), ზაარბრიუკენი(1974); გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი; ლირიკულ-დრამატული ოპერა – “დაისი”(1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს), ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისი საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვი(1937), კიევი(1938), ალმა-ათა(1943), ბაქო(1956), სარატოვი, ოდესა, ნოვოსიბირსკი, ერევანი, გორკი, 1974 წელს დაიდგა ზაარბრიუკენში, 1975 წელს – პლეზენში, გამოცემულია “დაისის” კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე; გმირულ-პატრიოტული ოპერა – “ლატავრა”(1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), გამოირჩევა ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები; ასევე – “საზეიმო კანტატა”(1927); იგი ნოვატორი კომპოზიტორია, პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები; 1937 წლიდან მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები – მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია მისი სახელობის სახლ-მუზეუმები; 1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია. დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე.

დაკრძალვის ადგილი: ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი

 

Scroll to Top