ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე (დ. 1853, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931, იქვე), ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.

ზაქარია ჭიჭინაძე ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში მეთხუთმეტე შვილი იყო. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში, ჯერ მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში.

13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
1869 წელს დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს, რომელმაც ზაქარია მიიწვია გაზეთ “დროების” თანამშრომლად. 1872 წლიდან ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით.

1875-1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია წიგნებს წერდა, საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა “ქართლის ცხოვრება” (რამდენიმე ტომად). მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას უწევენ მკვლევართ.

იყო თვითნასწავლი. იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კ. მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული “ქართლის ცხოვრება” (1913, ორ ნაწილად), “პარიზის ქრონიკა” (1910), გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები (დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკურისა და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

1922 წლის თებერვალში მხცოვან მწიგნობარს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც მიჩნეული იქნა ქართული წიგნის იუბილედაც, რადგან ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მთელი სიცოცხლე. იგი ამ საქმის პიონერი იყო. გაზეთი ,,კომუნისტი’’ 1922 წლის 19 თებერვალს წერდა: ,,ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება.“

დიდი დამსახურება მიუძღვის ჭიჭინაძეს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.

ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წლის 27 დეკემბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top