უჩა ჯაფარიძე

უჩა ჯაფარიძე

უჩა (ილია) მალაქიას ძე ჯაფარიძე (დ. 4 აგვისტო/17 აგვისტო, 1906, სოფ. ღარი, ონის რაიონი — 6 ივლისი, 1988, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1963).

ბიოგრაფია
უჩა ჯაფარიძე დაიბადა 1906 წლის 17 აგვისტოს ონის მახლობლად სოფელ ღარში, მასწავლებლის ოჯახში. მამა – მალაქია ჯაფარიძე, მათემატიკის მასწავლებელი იყო. ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1924 წელს იგი ხდება თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი,სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დავით კაკაბაძე, იოსებ შარლემანი, ლადო გუდიაშვილი და ევგენი ლანსერე. 1925 წელს უჩა ჯაფარიძე, მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიაეტოვებინა სამხატვრო აკადემია და დაბრუნებულიყო სოფელში – საკუთარ ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო. 1931 წელს, სამხატვრო აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც. მან რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მოეგროვებინა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის. 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში და ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წლის ოქტომბრიდან უჩა ჯაფარიძე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს იღებს პროფესორის წოდებას. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე, ხოლო 1951, 1955, 1958 და 1972 წლების მხატვართა კავშირის ყრილობებზე არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. უჩა ჯაფარიძეს 1942 წელს მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია მონუმენტური ტილოსათვის – “საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს” და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია – 1987 წელს. იგი იყო აგრეთვე სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1958), “შრომის წითელი დროშის” 3 ორდენით (1946, 1966, 1971) და სხვა ორდენებითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა (1946) და საბჭოთა კავშირის (1963) სახალხო მხატვრის წოდებები, არჩეული იყო სსრკ სამხატვრო აკადემიის ჯერ წევრ-კორესპონდენტად (1954), ხოლო შემდეგ (1958) – ნამდვილ წევრად. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. უჩა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1988 წელს და იგი დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top